რეკორდული სიცხის გამო, აზიის სკოლები, რომლებიც პანდემიის დროს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო დაკეტილი, სასწავლო პროცესს კვლავ წყვეტენ და ონლაინსწავლებაზე გადადიან.
ბოლო დღეების განმავლობაში სიცხის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა ბანგლადეშის, ინდოეთისა და ფილიპინების სკოლებში. ტემპერატურამ ზოგიერთ ადგილას 37 გრადუსს გადააჭარბა, რაც აპრილის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 243 მილიონი ბავშვი განიცდის „მაღალი ტემპერატურების ხანგრძლივ ზემოქმედებას“, რაც მათ „სიცხესთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილის“ საფრთხის წინაშე აყენებს, თუმცა, სასკოლო სასწავლო პროცესის ხშირმა შეწყვეტამ შესაძლოა დაამძიმოს პანდემიის პერიოდის უარყოფითი შედეგები მოსწავლეებისთვის, რომლებიც თვეობით, აზიის ზოგიერთ ნაწილში კი წლობით ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ გაკვეთილებს.