„აგენტების კანონის“ ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული „ენ-დი-აის” (NDI) და „აი-არ-აის” (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.
„ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში,”- აღნიშნავს ჯინ შაჰინი.
მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი, “რეალურად არის შექმნილი იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა“.
როგორც შაჰინი მიიჩნევს, „ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც. მისივე თქმით, ვაშინგტონის საპასუხო ზომებს ოფიციალური თბილისი უახლოეს პერიოდში იგრძნობს.
„იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ,“- ამბობს სენატორი.