ვფიქრობ, იმ ომის შედეგს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ექნება ფუნდამენტური მნიშვნელობა საქართველოსთვის.... სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ რამდენიც გინდათ, იმდენი უცინოთ მოსკოვს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვი მიიღებს, - ამის შესახებ პორტუგალიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჟოაო გომეშ კრავინიო ,,რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, თუკი უკრაინა ომს წააგებს და რუსეთს მიეცემა უკრაინის მიმართ საკუთარი ნების განხორციელების შესაძლებლობა, მაშინ საქართველოს არანაირი შანსი აღარ ექნება.
,,ვფიქრობ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მივიღეთ ხარისხობრივი ცვლილება, ვინაიდან ერთი მხრივ სახეზე იყო არა მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური სურვილი, რომ ჰქონოდა ძლიერი კონტროლი საქართველოზე, არამედ სახეზე იყო აგრეთვე ძლიერი შიში პუტინის მხრიდან, რომ ხალხის ამბოხი, რომელსაც დემოკრატია და თავისუფლება სურდა, იქნებოდა უკიდურესად ცუდი მაგალითი საკუთრივ რუსეთისთვის. მსგავსი სიტუაცია იყო უკრაინასთან მიმართებითაც მოგვიანებით, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემთხვევაში. ხალხის მიერ თავისუფლებისა და საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლების მოპოვების სურვილის ამგვარი გამოხატულებები იყო ის, რასთან შეგუებაც პუტინის რეჟიმს საერთოდ არ შეეძლო. ვფიქრობ, არაერთი მომენტი იყო, როცა ერთი მხრივ არსებობდა რუსეთის სისუსტე და უუნარობა, რომ ემოქმედა და ვფიქრობ, სურვილი კი სხვაგვარი ჰქონდა და აგრეთვე იყო სიტუაციები, როცა რუსეთის რეჟიმს, კერძოდ პუტინის რეჟიმს ჰქონდა სურვილი თავიდან აეცილებინა უცხოეთიდან მომდინარე ე.წ. „ცუდი მაგალითები“ და რა თქმა უნდა, 2000-იანებიდან, პუტინის ხელმძღვანელობით, იყო სახელმწიფო ოპერატორების - უშიშროების ოპერატორების გაძლიერება, რამაც მოსკოვის რეჟიმს მიანიჭა უნარი ემოქმედა ისე, როგორც მანამდე არ შეეძლო. ახლა ჩვენ ვხედავთ ტენდენციას. იმ დროს კი, სავსებით მართალი ხართ, ვერ ვხედავდით. შესაძლებელია, საქართველოში ხედავდით ამ ტენდენციას, მაგრამ ასე არ იყო დასავლეთში.
ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ [მსჯელობა] თავიდან და საწყისი არის ტერიტორია და მოსახლეობა, რომელიც არის ქართველი. არავინ დაობს იმაზე, რომ ისინი არიან ქართველები და რომ ის არ არის რაღაცის - რაღაც უფრო დიდის ნაწილი. ეს არის საწყისი წერტილი. მეორე პუნქტი არის ის, რომ საქართველოს ხალხს აქვს უფლება განაგოს საკუთარი ბედი, რაც ნიშნავს, რომ, არ გააჩნია სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ იმოქმედოს გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც იმყოფა. ასეა ყველა ქვეყნის შემთხვევაში - უბრალოდ, ბევრ ქვეყანას აქვს უფრო იოლი გეოპოლიტიკური კონტექსტი. მართალი ხართ, გეოპოლიტიკური კონტექსტი პრობლემურია, მაგრამ იმავდროულად იძლევა შესაძლებლობებს. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების საჭიროება არის ის, რაც, შესაძლოა, იყოს ძალიან ღირებული საქართველოსთვის, თუმცა ამისთვის საქართველოს უნდა შეეძლოს საკუთარი გზის არჩევა. ვფიქრობ, იმ ომის შედეგს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ექნება ფუნდამენტური მნიშვნელობა საქართველოსთვის. არ მგონია, რომ ეს არის ის [საკითხი], სადაც ქართველებისთვის რაიმე აზრი ჰქონდეს დაცდას და შემდეგ არჩევანის გაკეთებას. ვინაიდან, თუკი უკრაინა ომს წააგებს და რუსეთს მიეცემა უკრაინის მიმართ საკუთარი ნების განხორციელების შესაძლებლობა, მაშინ საქართველოს არანაირი შანსი აღარ ექნება. ასე რომ, საქართველოს ინტერესებშია, თუკი მას ამის სურვილი აქვს, რომ იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავად განაგოს საკუთარი ბედი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ რამდენიც გინდათ, იმდენი უცინოთ მოსკოვს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვი მიიღებს",- განაცხადა ჟოაო გომეშ კრავინიომ.
კრავინიო იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროპისგან დაშორების გადაწყვეტილებები შეიცვლება, რადგან ქართველ ხალხს ევროკავშირთან დაახლოება სურს.
,,ჩვენ კი, ევროპის პერსპექტივიდან ვხედავთ საქართველოს ევროპისგან დაშორების გადაწყვეტილებებს. იმედი გვაქვს, ეს შეიცვლება. იმედი გვაქვს, ეს არის დროებითი ვითარება, რომელიც თვეების შემდეგ შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის ის, რაც საქართველოს ხალხს სურს. ჩვენს ხელთ არსებული მთელი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოება. ევროკავშირის მხრიდან კი არის საპასუხო ნაბიჯების გადადგმის სურვილი. ასე რომ, იმედი გვაქვს, რეალურად შეიცვლება ის, რაც ახლა ხდება",- აღნიშნა პორტუგალიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.
ჟოაო გომეშ კრავინიოს თქმით, იმედოვნებენ, რომ არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე, საქართველოში იქნება დემოკრატიის საფუძვლების დასუსტებიდან შემობრუნების პროცესი.
,,დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რაც არის ან არ არის. ეს არის პროცესი. ის ან ღრმავდება, ძლიერდება, უფრო ინსტიტუციონალიზებული ხდება ან ხდება საპირისპირო. ამჟამად საქართველოში სწორედ საპირისპირო რამ ხდება: დემოკრატია სუსტდება, ინსტიტუციური სტრუქტურები უფრო ნაკლებად რეაგირებს პოლიტიკურ ძალადობაზე და ა.შ., რაც დაუშვებელია დემოკრატიისთვის. ვიმედოვნებთ, რომ, არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე, საქართველოში იქნება დემოკრატიის საფუძვლების დასუსტებიდან შემობრუნების პროცესი. მართალი ხართ, ოცდაათი წლის შემდეგ ასეთი რამ გასაკვირია ქართველებისთვის და ასევე, ეს არ არის ის, რასაც ევროპაში მოელოდნენ. ცხადია, ეს დაკავშირებულია ფართო კონტექსტთან, რომელშიც პუტინის რეჟიმი მოსკოვში უკიდურესად შეშინებულია დემოკრატიის გაღრმავების გამოხატულებით რეგიონში, რომელშიც ის არის",- განაცხადა კრავინიომ.