დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან.
„ევროაქტივის“ ინფორმაციით, ევროკავშირი მინისტერიალზე „აგენტების კანონის“ საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ, ფინანსური დახმარების შემცირებასა და უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ბლოკის დიპლომატიური სამსახურის მიერ შედგენილ ვარიანტებს.
„არსებობს ფართო შეთანხმება, რომ ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს. ახლა ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი“, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა და ასევე დაამატა, რომ ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ზომები შემოღებული.
რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმ,ა რიკარდ იოზვიაკმა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით X-ზე დაწერა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილებაზე არ იქნება მიღებული, „უბრალოდ იქნება მსჯელობა".
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.