საუდის არაბეთში ჰაჯის დროს, სულ მცირე, 1301 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც 50 გრადუსიან სიცხეში შორ მანძილზე თავშესაფრის გარეშე გადაადგილდებოდნენ.
„ბიბისის“ ცნობით, დაღუპულთა სამ მეოთხედზე მეტს არ ჰქონდა ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა და ისინი მზის სხივების ქვეშ გადაადგილდებოდნენ. ამასთან, დაღუპულთა ნაწილი ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები იყვნენ.
კაიროს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ეგვიპტიდან იყო. ლიცენზიები შეუჩერდა 16 ტურისტულ ბიუროს, რომელთა მეშვეობითაც საუდის არაბეთში იმოგზაურეს მორწმუნეებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ ამის უფლება. საუდის არაბეთს მაღალი სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მსხვერპლთა შორის ასევე არიან ტუნისის, იორდანიის, ირანის, სენეგალის, ინდონეზიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
ჰაჯის მრავალი რიტუალი, როგორებიცაა ქააბის წმინდა ქვისთვის შემოვლა მექაში და სავალდებულო ასვლა არაფატის მთაზე, მუსლიმებისგან მოითხოვს დღის განმავლობაში მცხუნვარე მზეში ყოფნას. წელს 1,8 მილიონზე მეტმა მორწმუნემ შეასრულა ჰაჯი მექაში.