რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების მიუხედავად, ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კავშირის შენარჩუნება და სწორედ ეს არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის.
ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგზე და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელებსაც დღეს განიხილავენ.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ბოლო მოვლენების მიუხედავად, ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კავშირის შენარჩუნება. ეს არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის“, -განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.