საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაისაჯოს და ის მზადაა დასანქცირებისთვის.
მისივე თქმით, ამ დრომდე არავისგან მიუღია პასუხი მმართველ გუნდს, რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს „აგენტების კანონი“.
„ევროკავშირი მუშაობს იმ მესიჯბოქსებით, რითიც ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ. სავარაუდოდ იქაც მიიღეს, რომ დავსაჯოთო. რატომ? რის გამო? ერთო არგუმენტი მაინც გვითხრან. მზად ვართ, ღია, საჯარო დისკუსიებისთვის, უბრალოდ აგვიხსნან, რის გამო. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, წესით, უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აგერ შედეგი, რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც თავის შედეგს გვანახებს. ჩვენ დავიცავით და ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენი ხალხის ნებას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამისთვის გახდა საჭირო, მიგვეღო კანონი. საქართველომ რა დააშავა? თუ იმის გამო გვსჯიან, რომ საქართველო გავაძლიერეთ, მზად ვარ, დამასანქცირონ. პირადად მე არ მაქვს პრობლემა“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება.