რუსული მედიის ინფორმაციით, დაღესტანში განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. დაშავებულია 46 ადამიანი.
დაღესტნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კიდევ 7 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, სამართალდამცველები და სასულიერო პირი.
23 ივნისს, საღამოს შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ დერბენტში 2 მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სინაგოგას დაესხნენ თავს. იმავდროულად მაჰაჩყალაში, ტერორისტებმა ცეცხლი საგზაო-საპატრულო პოსტს გაუხსნეს.
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმებში დაღესტნის, სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის შვილები და ძმისშვილი მონაწილეობდნენ.
ტერაქტებთან დაკავშირებით დაღესტანში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.