საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატისა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიასთან თამაში რთული იქნება, რადგან ის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.
მისივე თქმით, ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.
„რთულ ჯგუფში ვართ და ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივირებულები ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. თუმცა, ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც არ გაჩერებულან. რომ არა გულშემატკივართა მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“, - განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტარიც ეროვნულმა ნაკრებმა გაავრცელა.