ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თეონა აქუბარდია: ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს

ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართულ ოცნებას” ევროკავშირში აღარანაირი ნდობა არ აქვს. აქუბარდია ამბობს, რომ ,,ოცნება" არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის ევროპისკენ შემობრუნება შეუძლია.

„დღეს როდესაც უკრაინა და მოლდოვა იწყებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ხოლო ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო რჩება ამ ქვეყნებს მიღმა, ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ,,ქართულ ოცნებას” საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს. ბატონმა ბორელმა ღია ტყუილში ამხილა „ქართული ოცნება” ევროპისკენ სვლასთან დაკავშირებით და ღიად თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით ევროკავშირში ვერ მოხვდება ქვეყანა. ღიად განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირს დააშორა ქვეყანა.

,,ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს დრო ოქტომბრამდე, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან რეჟიმში ჩატარებით ამ ქვეყნის კურსი გადაარჩინოს. თუმცა ნათელია ისიც, რომ ,,ქართულ ოცნებას” აღარანაირი ნდობა არ აქვს ევროკავშირში და არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროპისკენ შემობრუნება. ამიტომ, ის, რომ „ქართული ოცნება” მტრობს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს ევროპულ მომავალს, ეს არის მკაფიოდ ნათქვამი. დიპლომატიის მიკიბ-მოკიბვის გარეშე ღიად ითქვა ბორელის მხრიდან”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი უკან ქაჩავს ევროკავშირისგან ქვეყანას, ამიტომ პირველ რიგში, ეს კანონი უნდა იქნას უკან წაღებული.