ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა კი - ეროვნული

როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა იქნება - ეროვნული. ლგბტ პროპაგანდა რომ მსოფლიო გამოწვევაა, ამაზე რომის პაპიც ალაპარაკდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც გამიჯნა ქალი და კაცი, და რაც მთავარია, ევროპული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ ევროპარლამენტის არჩევნებში უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ გამოწვევას გამოგონილს და მითს უწოდებს.

„ჯერ ერთი, უნდა ჩამოყალიბდეთ ბატონებო, ლგბტ პროპაგანდა რატომ არის თქვენთვის მითი და თქვენი პატრონებისთვის რეალობა? ბატონი დევიდ კრამერი ამბობს -კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ინიცირებული კანონპროექტი LGBTQ თემის შესახებ - ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოსკოვის მხარეზე გადავიდა. ბატონი მაიკლ როთი ამბობს - რუსული სტილის ზეწოლა ლგბტ-ზე კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. ეს ის როთია, ქართველი ახალგაზრდების მომავალი ქართულ სახელმწიფოში და ქართულ ეკლესიაში კი არა, ლგბტ პროპაგანდაში რომ დაინახა.

შეკითხვა ოპოზიციას - თუ ეს საკითხი მითია და ეს კანონი ხომ ვერაფერს დაარეგულირებს, მაშინ რატომ შფოთავენ ასე უცხოელი აქტორები? ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია ადგილობრივი საზოგადოების პროტესტის მიუხედავად. საბავშვო ბაღებში ბავშვებს სქესის შეცვლაზე ესაუბრებიან და მშობლებს ამ პროცესში ჩართვას უკრძალავენ. გამოდის, რომ რეალური ყოფილა ლგბტ პროპაგანდა.

გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი გააიგივეს და რუსული უწოდეს უცხოელმა აქტორებმა, ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ. მათი აზრით, ქალის და კაცის ქორწინება რუსულია და ერთსქესიანთა ქორწინება - ევროპული. გამჭვირვალობა რუსულია და შავი ფულის ხარჯვა - ევროპული . მშვიდობის შენარჩუნება რუსულია და ომის დაწყება - ევროპული.

ეს რომ ასე არ არის, ათეულობით ევროპელმა დაადასტურა არჩევნებში და ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული ღირებულება ომი კი არა მშვიდობაა, ევროპული ღირებულება შავი ფული კი არა გამჭვირვალობაა, ევროპული ღირებულება ლგბტ პროპაგანდა კი არა ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ეროვნული ღირებულებებია", - განაცხადა „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ევროპულმა საზოგადოებამ არჩევნებში და ქართულმა საზოგადოებამ პრაქტიკულად ჩატარებულ რეფერენდუმში 17 მაისს, ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ ძალას, აქაური რადიკალური ოპოზიციის ჩათვლით, ვინც აპირებს, რომ გააგრძელოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, გეი აღლუმების ჩატარება და ბავშვებში ტრანსგენდერის პროპაგანდა.