ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ომბუდსმენის ანგარიში: ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. ამის შესახებ ომბუდსმენის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ლევან იოსელიანმა პარლამენტს წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები. ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ არ არის გაწერილი სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები და არც საკმარისი სამართლებრივი გარანტიებია თვითნებობის თავიდან ასაცილებლად.

„ზოგიერთი ფსიქიატრიული დაწესებულების არათერაპიული და ქაოსური გარემო, მათ შორის, სიმჭიდროვე, პირადი სივრცისა და განმარტოების შესაძლებლობის დეფიციტი; ასევე, დამხმარე პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა უარყოფითად აისახება პაციენტთა უსაფრთხოებაზე და მათ მხარდაჭერაზე სხვადასხვა სერვისების მისაღებად. ყველა დაწესებულებაში გამოწვევაა სუფთა ჰაერი, ეზოში გასვლის ან რაიმე აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. პაციენტებს უკიდურესად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი“, - აღნიშნულია ანგარიშში.