ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს.
ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღეს და არ გაითვალისწინეს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებები.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ 2020 წლის ცვლილებებით, რომლებიც გენდერულ კვოტირებას ეხებოდა, შესაბამისობაში იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კოდექსში მსგავსი ცვლილებები კი „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონის სტაბილურობის კუთხით". კომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ხშირი შეტანის პრაქტიკა საფრთხის შემცველია და ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და სახელმწიფოს ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.
ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ მიიღონ ისეთი სპეციალური დროებითი ზომები პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახლა შემოღება ისე, რომ არჩეული ქალების პროცენტული რაოდენობა არსებითად გაიზარდოს.
რაც შეეხება მოსაზრებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ხელისუფლებამ მათი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, თუნდაც ნაწილობრივ.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია დამატებით გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს ცვლილებები, საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში იქნა მიღებული.