საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი თამაში გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებმა განაცხადეს, ზუსტად იციან, რა სირთულის ნაკრებთანაც უწევთ თამაში, თუმცა სტადიონზე მოსაგებად გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარონ.
„რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო. პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.
წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.