ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე - ივანიშვილი ცდილობს, დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციები, როგორიც არის ვენეციის კომისია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცესკო, უსუსური მცდელობაა იმისა, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი.
„ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციები, არის უსუსური მცდელობა იმის, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი, რაც ვერ შეიცვლება იმდენად ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს აუცილებლად მოხდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელსაც ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი ახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით და რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციებით, როგორიც არის ვენეციის კომისია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს.
ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღეს და არ გაითვალისწინეს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებები.