ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა 27 ივნისამდე გადაიდო. მმართველ გუნდის თქმით, ამით ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს შესთავაზა, დღეს კენჭი ეყარათ მხოლოდ იმ საკითხებისთვის, რომლებსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა.
„ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა იმის შესახებ, რასთან გვაქვს საქმე, რა აწუხებდათ ამდენი ხნის განმავლობაში. მათ გვითხრეს, რომ 2017 წლის ჩანაწერიც კი უნდა ამოვშალოთ საქართველოს კონსტიტუციიდან. ეს არის ღირებულებებთან დაკავშირებით უპრინციპულესი საკითხი. ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დარწმუნებული ვარ, აინტერესებს ქართული ოპოზიციის პოზიციაც, საით მხარეს დგას ღირებულებათა ამ შეფასების სისტემაში. ის, რომ ქართული ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ესწრება, ჩვენი შეფასებით, და შეიძლება სუბიექტურები ვიყოთ, ნიშნავს, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ. ასევე, ჩვენ კენჭსაყრელი გვაქვს სასამართლოსთან დაკავშირებული და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ, მე გთავაზობთ, საქმეც რომ არ გავაფუჭოთ, კენჭი ვუყაროთ დღეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებსაც განვიხილავთ დაჩქარებული წესით. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ხვალისთვის გადავდოთ კენჭისყრა და ქართულ ოპოზიციას შევთავაზოთ, ვთხოვოთ ყველას, თუ გნებავთ, მოვთხოვოთ, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ან კენჭისყრით, ან ზეპირად, ვერბალური ან რაიმე ფორმით, თქვან, საით არიან ისინი, რომელ მხარეს იჭერენ და ჩვენი ეჭვი რამდენად ლეგიტიმურია – აგერ გამოვთქვამთ ეჭვს, თუ გნებავთ, ვაბრალებთ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ბევრი რაღაც გაიშიფრა დღეს, ბევრი რაღაც გაშიშვლდა დღეს. იმ ამბავს, რაც მოჰყვა კანადურ, ფრანგულ, ამერიკულზე უფრო რბილ ვერსიებს ქართულ კანონმდებლობაში შეტანილი ახალი კანონის სახით, თურმე შემდეგ თან უნდა მოჰყოლოდა ამასთან დაკავშირებული დარტყმები ვენეციის კომისიისგან, რომელზეც ჩვენი ოპონენტები სიტყვის დაძვრას ვერ ბედავენ. ამიტომ მივცეთ ერთი დღე იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, საით არიან და იქნებ ხვალ მაინც დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ხვალ გაიმართება კენჭისყრა და ოპოზიცია საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.