ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ედიტ ესტრელა: „აგენტების კანონი“ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, აზიანებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ასევე ცნობილია უცხოური აგენტების კანონის სახელით, შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს კანონი ფუნდამენტურად მცდარია, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებელმა, ედიტ ესტრელამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კანონი არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, აზიანებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას, ამიტომ ასეთი ფორმით ის უკან უნდა იყოს გაწვეული.

„ის, თუ როგორ მოხდა ამ კანონის მიღება, აჩენს კითხვებს, რამდენად ერთგულია ქვეყანა ევროპული სტანდარტებისა და საკუთარი ვალდებულებების მიმართ. ამ კანონს არაფერი აქვს საერთო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობასთან. საქართველოს უკვე აქვს განვითარებული მექანიზმები, რათა უზრუნველყოს ფინანსური გამჭვირვალობა.

ჩვენ, როგორც მომხსენებლები, მოვუწოდებთ გაიწვიოს საქართველოს ხელისუფლებამ ეს კანონი. ჩვენ ასევე ვაცხადებთ შეშფოთებას პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ძალადობრივ შეტევაზე, დაშინების კამპანიაზე დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ. ეს დაშინების კამპანიის გამოძიება არ მიმდინარეობს და არ არის შესაბამისად დაგმობილი ხელისუფლების მიერ. ამან შეიძლება ასეთი აქტები დაუსჯელობის აღქმამდე მიიყვანოს.

ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაძლიოს ის გამოწვევები, რომლებიც მის წინაშე დგას და აღიაროს თავისი მოსახლეობის უმაღლესი სწრაფვა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი და ჩვენ ველით თანამშრომლობასა და კონსტრუქციულ დიალოგს“, - აღნიშნა ესტრელამ.