„გავათენოთ საქართველოსთვის“ - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, რადგან ხვალ, 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კანონის მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.
„ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.
ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება", - აცხადებენ ორგანიზატორები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.