სერბეთი ისრაელის საელჩოსთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის თქმით, ისრაელის საელჩოზე თავდასხმა ტერორისტულ თავდასხმად გადაკვალიფიცირდა.
„ინსტრუქციებით, მოქმედი წესებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტრუქციებით, მას შემდეგ, რაც მოხდა ეს ტერორისტული აქტი, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ოფიციალურად უწოდა მას ტერაქტი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, წითელი დონე გამოვაცხადე“,- განაცხადა დაჩიჩმა.
დაჩიჩმა გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული პოლიციელი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მოინახულა.
ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საპასუხოდ, სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა, თავდამსხმელი კი დაიღუპა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი კი დაკავებულია.