ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი" დააფუძნა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" დააფუძნა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე მან გუნდის წევრები წარადგინა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ცუცქირიძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა მხარს უჭერს ზურაბიშვილის ქარტიას და მზად არიან ყველა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომელიც მათ ხედვას გაიზიარებს.

„ეს პლატფორმა არის ღია, არის ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენი მანიფესტის ფასეულობებს, ვინც თვლის, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საჭიროა ერთად ბრძოლა - საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად. ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის.

ჩვენი პლატფორმა არავისთვის არ არის დაკეტილი. ჩვენ მოძრაობაში დგანან არაპარტიული პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე და შეუძლიათ საქმის კეთება სახელმწიფო დონეზე.
ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის, დღევანდელი ჩვენი შეკრება მხოლოდ დასაწყისია.

დღეს ჩვენ თქვენ წინაშე ვაცხადებთ, რომ ვხსნით კარს თანამოაზრეებისათვის და მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, მივმართავთ ქალებსა და კაცებს, მივმართავთ სოფელსა და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, შემოგვიერთდით ჩვენი მისიის განხორციელებისთვის”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.