თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
მანამდე ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. გულშემატკივართა ნაწილი მათ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა თავისუფლების მოედანი უკვე დატოვეს, საზოგადოებამ ისინი ოვაციებითა და ტაშით გააცილა.