შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, რობინ დანიგანმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მიულოცა ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა.
„დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელები ერთად აღვნიშნავთ ჩვენს თავისუფლებას. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლზე და ეს არის დღე, როდესაც გვახსოვს, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. თუმცა, ამავდროულად ეს არის ზეიმის, ოპტიმიზმისა და სიხარულის დღე. ამიტომ, მსურს, ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა – ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას.
ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თუ იცხოვრებ და იშრომებ, ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი. მე მჯერა, რომ ეს არის ქართული სულისკვეთების არსიც. ხშირად მაოცებს ქართველებისა და ამერიკელების მსგავსება, როდესაც საქმე ეხება ოპტიმიზმს ჩვენი მომავლისა და ჩვენი შვილების მომავლის მიმართ. რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია და გავაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას და ჩვენი ქვეყნების გაძლიერებას. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება. 248 წლის განმავლობაში ამერიკელები იბრძოდნენ ბრძოლის ველზე, იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლების დარბაზებში და იბრძოდნენ სასამართლო დარბაზებში ჩვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ჩვენი ქვეყნის დანაპირების შესასრულებლად. ამერიკელები აწყობდნენ მსვლელობებს ქუჩებში, ხიდებზე; აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ყველა შესაძლო ადგილას, კაფეტერიასა თუ ავტობუსში. ყველა მათგანი ერთი მიზნის მიღწევას ესწრაფოდა – გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სრულყოფილი კავშირი. ეს გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, ხოლო გამოწვევები, ზოგჯერ, დაუძლეველი ჩანდა. მაგრამ, ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და ყოველ ჯერზე ამ სირთულეების გადალახვით უკეთესი ვხდებოდით“, – აღნიშნა დანიგანმა.
ამასთან, მისივე თქმით, ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
„ოცნების, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ. 106 წლის წინ ქართველი ხალხი გაერთიანდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად. იმ დანაპირებით, რომ საქართველოს ექნებოდა სუვერენული ძალაუფლება და უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაგრამ საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა, ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს – ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ამასთან, როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას, ასევე საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას.
„შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი, დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-სთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.
ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო საელჩოს არაჩვეულებრივ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის მხარდასაჭერად. ასევე მადლობა ამ უზარმაზარი დღესასწაულის ორგანიზებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. მადლობა ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებსა და ქალებს, ამერიკელებს და ქართველებს, რომლებიც ყველაზე დიდ რისკს სწევენ ჩვენი თავისუფლების დასაცავად. ჩვენი დამოუკიდებლობის დღე არის გახსენება, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა უწყვეტი გზაა. ეს არის გახსენება იმისა, რომ ძალა ოპტიმიზმშია, რომ ძალა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბრძოლაშია და რომ ძალა ერთმანეთის მხარდამხარ დგომაშია იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.