ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საფრანგეთში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს

საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგებით ირკვევა, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო მანდატები, ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ - „ახალმა სახალხო ფრონტმა" გაიმარჯვა, რომელმაც 182 მანდატი მოიპოვა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა - 168 მანდატით, რაც შეეხება მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას" - ის 143 მანდატით მესამე ადგილზეა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ატალის თქმით, პრემიერმინისტრობა მისთვის პატივი იყო.

თავად ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ ფრანგი ხალხის არჩევანს და არჩევნების შედეგებს აღიარებს და პატივს სცემს. რაც შეეხება ლე პენს, მისი თქმით, ულტრამემარჯვენეების გამარჯვება მხოლოდ გადაიდო.

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებთან ცენტრისტული კოალიციის დამარცხების შემდეგ, პრეზიდენტმა მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 30 ივნისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატებმა მიიღეს. მეორე ადგილზე იყო მემარცხენეთა ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ და მესამეზე პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია „ერთად".