ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საია: იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა

ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა, - ამის შესახებ საია-ს ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2023 წლისთვის არსებული მდგომარეობაა შეფასებული.

ამასთან, ანგარიშში წერია, სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, კოლეგია-პალატებში მათ გადანაწილებაზე სრული კონტროლი აქვს იუსტიციის უმაღლე საბჭოს და ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარ ბერკეტად რჩება.

„მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება "კლანური" მმართველობა. ორწლიანი დაგვიანებით პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთი კანდიდატები აირჩია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დისკუსიას განსხვავებული აზრის დაფიქსირებას და ა.შ. სამწუხაროდ, დღემდე სხდომები დებატების, განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს. ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმაზე, თუმცა შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შარშან განხორციელდა, იყო ფრაგმენტული და სისტემურ გადაწყვეტებს არ ემსახურებოდა. სისტემაში არსებულ საქმეთა გაჭიანურების და მოსამართლეთა ვაკანსიების მაღალი რიცხვის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წელს პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსში არ გამოუცხადებია. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, კოლეგია-პალატებში მათ გადანაწილებაზე სრული კონტროლი აქვს იუსტიციის უმაღლე საბჭოს და ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარ ბერკეტად რჩება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია რეკომენდაციებზეც:

1. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია სისტემაში არსებული გამოწვევების შეფასება. ფუნდამენტურად უნდა გაანალიზდეს საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემები, არაფორმალური გავლენები, კორუფციის რისკები. შესაბამისი დასკვნის შედეგად გამოკვეთილი გამოწვევების გათვალისწინებით, რელევანტური აქტორების ფართო ჩართულობით უნდა შემუშავდეს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
2. რეფორმის გატარებისას მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს იუსტიციის საბჭოს, როგორც სისტემის მაკონტროლებელ ორგანოს. მნიშვნელოვანია, დისკუსია გაიმართოს მისი ძალაუფლების დეკონცენტრაციაზე - რა ფუნქციები დარჩება საბჭოში და რისი გადანაწილება შეიძლება, რათა ერთი ორგანოს ხელში ძალაუფლების თავმოყრამ მომავალშიც არ წარმოშვას კორპორატივიზმის საფრთხეები.
3. იუსტიციის საბჭოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები უნდა მიიღებოდეს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ორმაგი 2/3-ის მხარდაჭერით.
4. თავიდან უნდა იყოს არიდებული სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავება მუდმივად ერთი და იმავე პირების მიერ. საჭიროა, სასამართლოს, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს იმავდროულად საბჭოს წევრობის უფლება შეეზღუდოთ. ასევე, არ უნდა იყოს დაშვებული საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე მოსამართლის არჩევა. გარდა ამისა,
არსებითია სასამართლოების თავმჯდომარეთა ფართო უფლებამოსილებების გადახედვა და მათი არჩევა შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეების მიერ.
5. აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესის რეფორმის მიმართულებით. დღესდღეობით, ამ მექანიზმმა სადამსჯელო ხასიათი მიიღო და მთლიანად საბჭოს ხელში მოექცა. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემაში მოსამართლეების ნაკლებობა და საქმეების სიმრავლეა, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად, ყველა მოსამართლე იყოს დისციპლინირების საფრთხის ქვეშ. ეს ბერკეტი საბჭოს ძალაუფლების მნიშვნელოვანი დასაყრდენია. ამრიგად, გასაძლიერებელია დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური და ფუნქციური უფლებამოსილება. მაგალითად, საჭიროა: ინსპექტორის დანიშვნისთვის საჭირო ხმების ოდენობად 2/3-ის განსაზღვრა; დისციპლინური დევნის დაწყებაზე უარის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთება.
6. ასევე, რეფორმას საჭიროებს საბჭოს მიერ გადაყვანა-დაწინაურების მანკიერი წესი და პრაქტიკა, რომლებიც საბჭოს ფართო შესაძლებლობას აძლევს, მოსამართლეები ლოიალობის ნიშნით დააწინაუროს. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის ცვლილებები, რომლებმაც მოსამართლეების მივლინების წესი მთლიანად იუსტიციის საბჭოს შეხედულებისამებრ მოაწესრიგა. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში ჩაიდოს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დაცვის უფრო მყარი გარანტიები, მაგალითად, მივლინების წესი 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებამდე რეგულირებას დაუბრუნდეს.
7. იმისთვის, რომ კვალიფიციურ კადრებს სისტემაში შესვლის სურვილი და შესაძლებლობა მიეცეთ, გადასახედია შერჩევა-დანიშვნის მთლიანი სისტემა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო როლი. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კანონში პოზიტიური ცვლილებები შევიდა, ვერ მოხერხდა მოსამართლეების შერჩევა კეთილსინდისიერების და კვალიფიკაციის ნიშნით. ამაზე მიუთითებს საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსების მიმართ, ვაკანსიების დიდი რაოდენობის მიუხედავად, მსურველთა არასაკმარისი დაინტერესება და სიმცირე. მნიშვნელოვანია, შეიზღუდოს იუსტიციის საბჭოს როლი როგორც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცესში, ისე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტებისას.
8. მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვა, რათა საზოგადოებამ დროულად შეიტყოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ამ მიმართულებით მდგომარეობა საგანგაშოა. იუსტიციის საბჭომ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები - კანონმდებლობის დაცვით გასცეს საჯარო ინფორმაცია, უზრუნველყოს სხდომების შესახებ ცნობისა და დღის წესრიგის წინასწარ, დადგენილ ვადებში გამოქვეყნება",- წერია ანგარიშში.