„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი TV 24-თან სატელეფონო საუბარში არ ადასტურებს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან მოლაპარაკებები აქვს.
„ქალბატონი ეკა [ბესელია] კოლეგაა, მეგობარი, ჩვენ ხშირად ვხვდებით, ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ამაზე [გაერთიანებაზე] საუბარი არ გვქონია. თქვენ გაერთიანების ისეთი კანდიდატები დაასახელეთ, რომლებთანაც ჩემი შეხედულებები ძალიან განსხვავებულია. არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეთ“, - აღნიშნა შალელაშვილმა.
კითხვაზე გამორიცხულია თუ არა გიორგი გახარიას პარტიასთან ალიანსის შექმნა, მან განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს სრული სიცრუეა.
„ამ ეტაპზე შეხვედრებიც და ასეთი თემაც არ არსებობს. გამორიცხვაზე რა გითხრათ, როგორც იტყვიან, ცხოვრება გრძელია, მაგრამ ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა. როგორც ასეთი, პოლიტიკური კონსულტაციები - ყველას ვხვდებით, ვსაუბრობთ, მაგრამ ისეთი, რომ გადავსულიყავით მოქმედებებზე, ჯერ არ დაწყებულა“, - განაცხადა შალელაშვილმა.
მანამდე TV 24-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის, უკვე აქვს აქტიური მოლაპარაკებები პოლიტიკოსებთან და ახალი გაერთიანების პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში იგეგმება.