ჩვენ მოვისმინეთ ვეტოს შესახებ გზავნილი და იმედი გვაქვს, ის იქნება გამოყენებული კანონის სრულად გადახედვისთვის და შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებთან, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი.
„ჩვენ გვსურს და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად. საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპული გზა, ალბანეთისა და სხვა ქვეყნების. ძალიან მკაფიო ვართ იმ წუხილში, რომელიც გვაქვს.
ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი - ის მოითხოვს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რაც გულისხმობს საქართველოს და მისი მართლმსაჯულების სისტემის, სამართალდამცავი სისტემის და სხვა სისტემების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არ არის ჩარევა შიდა პოლიტიკაში, ეს არის ევროპული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ყველას მოგვიწია, როდესაც ევროკავშირში გავწევრიანდით. ამიტომ, ამაში არაფერია ანტიქართული და მთავრობის საწინააღმდეგო. ეს არის ის, რაც ჩვენ თავადაც გავაკეთეთ და რაც ყველა კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება. ამ კონტექსტში ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ გახდა საჭირო ამ კონკრეტული კანონის მიღება, რომელიც ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას.
ჩვენ მოვისმინეთ ვეტოს შესახებ გზავნილი და იმედი გვაქვს, ის იქნება გამოყენებული კანონის სრულად გადახედვისთვის და მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებთან. ესაა ჩვენი გზავნილი, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.