ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძე: დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო

ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი X-ზე წერს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

„გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”, - წერს ირაკლი კობახიძე.