გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 119- ე შეხვედრა დასრულდა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა ინციდენტი განიხილეს.
„დღევანდელი განხილვის თემა გახლდათ ჩვენი თანამემამულეების უკანონო დაკავების საკითხი. ჩვენ თითოეული ქეისი განვიხილეთ და მოვითხოვეთ ინფორმაცია მათი ამჟამინდელი სტატუსის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, დღეს შედგა მამასტარაშვილის და ლუტიძის ე.წ. სასამართლო პროცესი, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ და შემდეგი ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება შემდეგ კვირას. დანარჩენი დაკავებულები, რომლებიც ელოდებიან თავის ე.წ. სასამართლო პროცესს, თარიღები არ იყო ცნობილი და შესაბამისად ვერ გაგვიზიარეს. აქცენტი გაკეთდა ყველა დაკავებულის მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის აუცილებლობაზე და მინდა აღვნიშნო, რომ სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით დღეს ორივე მხარე შევედით დისკუსიაში, უკანონო დაკავებულების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ
შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი, სადაც ქართულმა მხარემ მოითხოვა ინფორმაცია, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფიგურანტების შესახებ.
„თამაზ გინტურის საკითხი ამ შეხვედრაზე ცალკე განვიხილეთ. მოვითხოვეთ ინფორმაცია, ხომ არ შეიცვალა წინათ გაჟღერებული დესტრუქციული მიდგომა და ხომ არ დაიწყო რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები, თამაზ გინტურის მკვლელობის სავარაუდო ფიგურანტების მიმართ. სამწუხაროდ, მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ იგივე პასუხი“- აღნიშნა ანთაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 23 ივლისს ჩაინიშნა.
ავტორი: ანა ბაქრაძე