ჩინეთში ვიზიტით მყოფმა ვლადიმირ პუტინმა უარყო, რომ რუსეთს უკრაინული ხარკოვის აღების გეგმა აქვს. ამის შესახებ BBC წერს.
ერთადერთი, რაც ხარკოვის მიმართულებაზე ხდება ესაა, ე.წ. „სანიტარული ზონების“ შექმნა, რათა აღვკვეთოთ უკრაინელთა მიერ რუსეთის ტერიტორიების, მათ შორის საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა, რასაც ჩვენი მოქალაქეების მსხვერპლი სდევს თან,“ - განაცხადა პუტინმა ჩინურ ჰარბინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
„სანიტარული ზონების“ შექმნის მიზნით სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ განცხადება ორი თვის წინ, მარტის მეორე ნახევარში გააკეთა.
ბოლო დღეებში უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ რუსეთის არმიამ შეტევის მიმართულებები თითქმის 70 კმ-მდე გააფართოვა და მოწინააღმდეგე აიძულა, ფრონტზე დამატებითი ძალები გადაესროლა.
უკანასკნელი საათების მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლო ხარკოვის ოლქში რუსული საოკუპაციო ძალების იერიშების შეჩერება და მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია.