„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე, „აგენტების კანონში“ „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილ ცვლილებებზე წერს და ამბობს, რომ ახალი ჩასწორებები კიდევ უფრო ამძიმებს მას.
მისი თქმით, ამ კანონის დამძიმება ამით არ დასრულდება.
„რა შეცვალა ,,ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველ ვერსიაში:
1. მონიტორინგის ფარგლები გაფართოვდა და მოიცვა არამხოლოდ პერსონალური მონაცემები, ასევე საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია;
2. დაემატა ჯარიმის ახალი სახე, რომლის ოდენობა 5000 ლარით განისაზღვრა. ეს ჯარიმა ემუქრება ყველას, როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირს, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვენ და თუ ეს პირი ასეთ ინფორმაციას არ/ვერ წარადგენს;
3. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ჯარიმების ან სხვა აქტების გასაჩივრება არ გააჩერებს მის მოქმედებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირი ჩათვლის, რომ უსამართლოდ დაჯარიმდა და ამაზე სასამართლოს მიმართავს, თანხის გადახდა მოუწევს მანამდე, სანამ სასამართლო დავას განიხილავს.
ამ კანონის დამძიმება ამით არ დასრულდება. ამიტომ, მისი გაწვევა უპირობოდ უნდა მოხდეს. მისი შელამაზება შეუძლებელია, გაუარესება - შესაძლებელია“, - წერს ქურდოვანიძე.