ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ალექსანდრე რაქვიაშვილი ჯო უილსონის კანონპროექტზე: მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი კონგრესმენის ინიციატივას

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ იმ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც Politico-მ მოიპოვა და რომლის მიხედვითაც, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი კონგრესმენის ინიციატივას გადაჭარბებული ყურადღება მიექცა.

„მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი კონგრესმენის ინიციატივას, რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მაგიდაზე მართლა სერიოზულად დაიდება, ამ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და ამაზე უარს იტყვის.

ამერიკასთან თუ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და სამხედრო დახმარება გვაქვს და თუ ვინმე გაბედავს, იტყვის, რომ ეს ყველაფერი არ მინდაო და აგენტების კანონს გადააყოლებს, იქვე ვინც გვერდზე იდგება, პირველი სცემს ამ ადამიანს და არც კი მოგვიწევს დიდი მიტინგების მოწყობა. ეს მართლა ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჯერ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა. საბოლოო ჯამში, ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი, რომ ეს სერიოზულად იყოს აღქმული. ჩვენს პარლამენტშიც ახლა ვიღაც ერთმა დეპუტატმა რამე რომ დააინიციროს, ეს არაფერს ნიშნავს. მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააკეთებს. თან ეს კონგრესმენი „რესპუბლიკელია“ და ზოგადად სენატში „რესპუბლიკელებს“ უმცირესობა აქვთ. ამიტომ, ასე მარტივად არ გამოვა. თუ ორმხრივი, ორპარტიული იქნება, მაშინ უფრო რეალური იქნება. ამიტომ, არ გადავაჭარბოთ ამ ინიციატივის მნიშვნელობა. ღმერთმა ქნას, ეს მართლა რეალისტური იყოს და ასეთ რაღაცას მივაღწიოთ. ერთი კონგრესმენის აზრზე მეკითხებით. ზოგადად არჩევნები რომ კარგად უნდა ჩატარდეს, ისედაც გასაგებია“, – აღნიშნა რაქციაშვილმა.