„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ რუსული ფარდა ჩამოაფაროს საქართველოს კეთილდღეობას და ყველანაირი პერსპექტივა მოსპოს ქვეყანაში.
„ქართული ოცნების“ განცხადებები სრული სიგიჟეა და წესით დაცინვას იმსახურებენ ღალატთან რომ არ გვქონდეს საქმე. ნატო, გაერო, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ამერიკა, ბრიტანეთი - ყველა თურმე გლობალური ომის ძალების ქვეშ არიან, მათ შორის ვენეციის კომისიაც. ამ სიგიჟეს უკრავს ტაშს „ქართული ოცნება“. ბიძინას უნდა, რომ ეს ჟანგიანი და რუსული ფარდა ჩამოაფაროს საქართველოს კეთილდღეობას და ყველანაირი პერსპექტივა მოსპოს ქვეყანაში”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ვენეციის კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და მკაცრად მოუწოდებს ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.
„ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.