საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.
Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა, ნიდერლანდების ჩათვლით, რუსული კანონის მიღების გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები ამისგან ცალკე განიხილავენ საქართველოს მთავრობისთვის „სხვაგვარი ზომების გატარებას“.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში „უცხოური აგენტების" კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას საქართველოს გაწევრიანების პროცესში, რაც ამძაფრებს შეშფოთებას, რომ ქვეყანა სულ უფრო სწრაფად მიიწევს რუსეთის ორბიტისკენ.