ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებისა და Freedom House-ის მიმართვა აშშ-სა და EU-ს: დაუწესდეთ სანქციები „ოცნების" მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს

მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტები და Freedom House შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს „ქართული ოცნების" ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნიან. 

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის არიან „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და მათი ოჯახები. შეერთებული შტატები, „ქართული ოცნების" ხელისუფლების ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ, ქართველ ხალხთან უნდა დადგეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

აქვე ვკითხულობთ, რომ „ეს კანონი ასახავს კრემლის კანონს, რომელიც რუსეთში განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის აღსაკვეთად შეიქმნა, დამანგრეველ გავლენას მოახდენს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიაზე".

„ქართველი ხალხი აღიარებს, რომ ეს კანონპროექტი მათი უფლებებისა და თავისუფლებისთვის უახლესი საფრთხეა. ისინი ცხადყოფენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპასა და დემოკრატიაზეა და არა რუსეთსა და რეპრესიებზე", - წერია განცხადებაში.

მათივე თქმით, კანონის მიღება „ქართული ოცნების" მიერ, წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, შელახოს მან საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება.

„2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". დღეს ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მათი მოთხოვნების მხარდაჭერას, რაც ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს ეხება", - აღნიშნულია განცხადებაში.