ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შსს-ს მონაცემებით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი 3, ჰუმანიტარული სტატუსი კი 11 პირს მიანიჭა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ლტოლვილის სტატუსი ირანის 2 მოქალაქეს მიენიჭა. კიდევ ერთი - 18 წლამდე პირის მოქალაქეობა დაუდგენელია. დაუდგენელი ქვეყნის კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი ჰუმანიტარული სტატუსის მატარებელია, უკრაინის 9 და ერაყის 1 მოქალაქესთან ერთად.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, სტატუსზე უარი 158 ადამიანს ეთქვა. ყველაზე მეტი მიმართვა მეზობელი თურქეთიდან (33) დაფიქსირდა. მეორე და მესამე პოზიციებს 29 და 22 განაცხადით, იორდანია და პაკისტანი იყოფენ. სტატუსის განაცხადი არ დაუკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის 8 მოქალაქეს.

უწყების კიდევ ერთი სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქეა გაძევებული. ერაყის - 11, ირანის - 7 და რუსეთის - 5 მოქალაქე. ქვეყნის საზღვარი დაატოვებინეს ეგვიპტის, ეთიოპიის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ჩინეთის 5 ან ნაკლებ მოქალაქეს.

რაც შეეხება, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობას, მათმა რაოდენობამ 379 შეადგინა. სიის სათავეში, 66 განაცხადით უკრაინაა. ანალოგიური სურვილი გამოთქვა რუსეთის 23 მოქალაქემ. შსს-ს სტატისტიკაში დაფიქსირებულია ასევე ინდოეთის 51, თურქეთის 43 და ირანის 45 მოქალაქე.