Fox News ინფორმაციით, კონგრესმენი ჯო უილსონი წარადგენს კანონპროექტს, რომელიც რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის გამო, საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქვეყნის პოლიტიკური, ან სამთავრობო ხელმძღვანელობის, ბიზნეს წრეების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების" კანონის განვითარებაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის ჩახშობაზე".
კანონპროექტის თანახმად, ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის ძირითადი პირები საქართველოს მთავრობაში, ან მათი აგენტები, რომლებსაც აქვთ „საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანების მატერიალური პასუხისმგებლობა“.
კანონპროექტი, ასევე სთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოამზადოს ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების თავიდან აცილების შესახებ საქართველოში, ისევე როგორც ანგარიში ქვეყანაში რუსული დაზვერვის აქტივების შესახებ.
„ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის მდივანთან და ცენტრალური დაზვერვის დირექტორთან კოორდინაციით, კონგრესს წარუდგენს მოხსენებას საქართველოში რუსული სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევის შესახებ, ასევე შეისწავლის ჩინეთის გავლენასა და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ კვეთას საქართველოში“, – ნათქვამია MEGOBARI Act-ის დოკუმენტში, რომელიც კონგრესმენმა Fox News-ს მიაწოდა.