„ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, - ასე ეხმიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას.
„სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა "ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას!
მინდა ხელახლა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა დიპლომატს - დაუყოვნებლივ გადადგით ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება და ქვეყნის გადარჩენა, გააჩერეთ რუსული კანონი!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.