ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კონგრესმენები: ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს დემოკრატიისკენ სვლაში

ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ.

კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც კონგრესის ქვედა პალატაში „მეგობარი აქტი“ წარადგინა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკელი კანონმდებლების რეაგირების უმთავრესი მიზანია ის, რომ ქართველ ხალხს სიტყვის თავისუფლება ჰქონდეს.

"საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მისი ხალხი კი - ძალიან მამაცი… როდესაც გავიგე იქ რუსეთის გავლენის შესახებ, ვიფიქრე, რომ ის უნდა აღმოიფხვრას, ან შემცირდეს იმისთვის, რომ საქართველოს ხალხმა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება. ეს გულისხმობს სიტყვის თავისუფლებასაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დიქტატორების გამარჯვების უმთავრესი მახასიათებელი ისაა, რომ სიტყვის თავისუფლება არ დაუშვან. რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში", - ამბობს კონგრესმენი.

ჰელსინკის კომისიის კიდევ ერთი წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი ამბობს, რომ „საქართველოს ხელს ჰკრავენ მოსკოვისკენ“.

,,ჩვენ ვალდებულნი ვართ ქართველი ხალხის წინაშე, დავეხმაროთ დაიცვან დემოკრატია და პრო-დასავლური მომავალი", - ამბობს კონგრესმენი ტენესის შტატიდან.

კიდევ ერთი კონგრესმენის, გრეგორი მიქსის განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ.

,,ჩვენთვის პრობლემაა ნებისმიერი, ვისაც სურს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარეს იყოს. ეს დემოკრატიისთვის საფრთხეა ყველგან. ამიტომ, ვფიქრობ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი. არაა ის, სადაც უნდა ვიდგეთ, როგორც დემოკრატიული ქვეყნები. თუკი სხვაგვარად იქცევი, მაშინ ამბობ, რომ გსურს ავტოკრატიული ქვეყნების და მათი ტიპის დიქტატორების ნაწილი იყო. ვიმედოვნებ, ისინი ამას გაითვალისწინებენ”, - აცხადებს გრეგორი მიქსი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ენდი ბარი კი ამბობს, რომ ამერიკელებისთვის საქართველოსთან მეგობრობა უკრაინასთან მეგობრობის მსგავსია.

,,ბევრი ამერიკელი უყურებს საქართველოსთან მეგობრობას ისევე, როგორც ჩვენ ვუყურებთ უკრაინასთან მეგობრობას. ჩვენ უნდა მივაწოდოთ საქართველოს ის “შეკავება”, რაც მათ ამ სიტუაციაში სჭირდებათ", - მიიჩნევს კონგრესმენი ბარი.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ,,აგენტების შესახებ" კანონი შემაშფოთებელია.

,,ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ", - ამბობს მილერი.