იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.
„კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. როგორც მან აღნიშნა, მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია - უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დაწესდეს უფრო მაღალი სტანდარტი, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც შესაძლებელია არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები.
„ჩემი აზრით, ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ, პარლამენტმა ხვალინდელ სხდომაზე უარი უნდა თქვას ვეტოს დაძლევაზე, მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს ვეტოს დაძლევა. შესაბამისად, გაჩნდება სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე აზრით, პრეზიდენტს უნდა წარედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც დისკუსიის სივრცეს გააჩენდა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ საკითხის შინაარსობრივი განხილვა არ უნდა მოხდეს.
„სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ - თურმე უნდა წარმოადგინოს საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე. ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. მაქსიმალურად კორექტული ვიყავით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი, საქმიანი განხილვა და ვიღებდით შეურაცხყოფას. პრეზიდენტის წარმომადგენელმა უკადრებელი იკადრა და ამასთან დაკავშირებით როდესაც დავსვით კონკრეტული შეკითხვები იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოებისთვის პასუხები გაეცა. ამიტომ, ეს დღე ნამდვილად იქნება სამარცხვინო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია ", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.