ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„აგენტების კანონზე“პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონი“ პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, სადაც წერია, რომ კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

პრეზიდენტი შენიშვნებში განმარტავს, რომ კანონპროექტი დიდწილად იმეორებს წლების წინ რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას და ზუსტად მეორდება კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში საზოგადოების მიერ გამოხატული პროტესტის შემდეგ უკან გაიწვია.

პრეზიდენტის შეფასებით „აგენტების კანონი“ არაკონსტიტუციურია, კერძოდ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს და ცვლილებების შეტანით მისი გაუმჯობესება წარმოუდგენელია, რაკი კანონის შინაარსი და პრინციპებია მიუღებელი.

პრეზიდენტის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე უარის თქმა გარდა ის სხვა გზას ვერ ხედავს. „ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში, ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“, - ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის მიერ „აგენტების კანონზე“ დართულ შენიშვნებში.