ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

როგორია ვეტოს შემდგომი პროცედურები პარლამენტში და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ - იურისტის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო და განაცხადა, რომ პარლამენტს დღესვე გადაუგზავნის.

„ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო, ეს კანონი უნდა გაუქმდეს", -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოს შემდეგ როგორ წარიმართება პროცედურები პარლამენტში და როგორი იქნება „აგენტების კანონის“ განხილვის სავარაუდო კალენდარი? - აღნიშნულის დეტალებზე იურისტი ნიკა სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მომდევნო სასესიო დღეები პარლამენტში 28-31 მაისს არის, მანამდე კი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები უნდა განიხილონ.

„პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოს შემდეგ პროცედურები როგორ წარიმართება პარლამენტში და როგორი იქნება აგენტების კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი?

პრეზიდენტმა ბოლომდე არ გამოიყენა მოტივირებული შენიშვნების გაკეთებისთვის 2 კვირიანი ვადა და როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტების კანონს უბრუნებს პარლამენტს.

ახლა პარლამენტმა მომდევნო პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, რისთვისაც აქვს საკმარისი ხმები;

მომდევნო სასესიო დღეები 28-31 მაისსაა და მანამდე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ პრეზიდენტის შენიშვნები. ანუ, ყველაზე ადრე კანონის მიღების კალენდარი ასეთი შეიძლება იყოს:

20-27 მაისის ინტერვალში იურიდიულმა კომიტეტმა შენიშვნები შეიძლება განიხილოს;

28-31 მაისის ინტერვალში პლენარულ სხდომაზე ვეტოს გადალახვა. ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები ფაქტობრივად მთავრდება და კანონი საბოლოოდ მიღებულია.

თუ ვეტო გადაილახება, სამი დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს და 5 დღე აქვს ხელმოსაწერად;

ამ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, მისი ამოწურვიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს.

ზემოთ რაც დავწერე, ეს ვეტოს გადალახვის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს მაქსიმალურ ვადებს და ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგაც გააკეთოს ოცნებამ, მაგალითად, მომდევნო თვეში/თვეებში, რისი შესაძლებლობაც პროცედურულად არსებობს.

ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?

მზად ვიყოთ ყველაფრისთვის და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი“, - წერს სვიმონიშვილი.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“, მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. 18 მაისს კი პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო.