„ქართული ოცნება" ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ხელმომწერი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ის, რითაც შევა „ნაციონალური მოძრაობა" ისტორიაში, არის სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი, სადაც გასამართლებულია მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე მტკიცებით, ოპოზიცია ტყუილისა და სიცრუის გავრცელებით ცდილობს დააზიანოს საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.
„სიცრუე გამოჩნდა გამჭვირვალობის კანონის განხილვის დროსაც, როდესაც ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ. არგუმენტებს ვეძებდით ორი თვის განმავლობაში. ორი თვის შემდეგ, როგორც იქნა ერთადერთი არგუმენტი მოვისმინეთ ადამიანებისგან და ეს არგუმენტი არის „იმიტომ". ამის იქით, მათი ვერც ფანტაზია, ვერც ცოდნა ვერ წავიდა. სინამდვილეში, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რომელიც დაცლილია შინაარსისგან და არგუმენტებისგან და მხოლოდ დეზინფორმაციით და მავნებლური კამპანიით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.