ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იონათამიშვილი: საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დავიცავთ

არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს, ტერორისტული აქტების მოწყობას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

იონათამიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დაიცავს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ოპოზიციამ თქვა, მსგავსი არაფერი ყოფილაო, ვარჰეისგან კი, აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. სინამდვილეში, ეს აღიარებითი ჩვენება უფრო მძიმე იყო, რადგან სიცოცხლის ხელყოფის მუქარასთან ერთად, იყო მუქარა ქუჩაში არეულობის. ზოგიერთებს სწორედ ამის შემჩნევა არ უნდათ. ეს ყველაფერი საზოგადოებას აჩვენებს, როგორი ენით გვესაუბრებიან ცალკეული აქტორები და რა მასშტაბი აქვს შანტაჟის ენას საქართველოს წინააღმდეგ. საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს. შესაბამისად, არ დავუშვებთ არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს, ტერორისტული აქტების მოწყობას. ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

მოგვიანებით კობახიძის განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი შეეხმიანა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერის განცხადება კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.