ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეთიუ მილერი: ,,ოცნებამ" კიდევ უფრო დააშორა საქართველო ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ

აშშ გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით ,,ქართული ოცნების" პარტიამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ,,აგენტების კანონზე“ ,,ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

მილერის თქმით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას საფრთხეს უქმნის.

,,ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს...

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე საფრთხეში აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, შეიძლება დაუწესდეთ სავიზო შეზღუდვები, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას. 

შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას თქვა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს.

აშშ აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი  დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის მუშაობენ.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, რომ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს დასავლური წინსვლისკენ, იმ მიმართულებით, რაც მის ხალხს სურს", - აცხადებს მილერი. 

მილერის განცხადებებიდან ამონარიდებს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.