Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ფიქრობენ, რომ უკრაინას ხელ-ფეხი უნდა გაეხსნას, რათა მის ხელთ არსებული დასავლური იარაღიდანაც შეძლოს რუსეთის ტერიტორიაზე მკაცრად მხოლოდ სამხედრო ობიექტების განადგურება. ანალოგიური განცხადება გააკეთა რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვსურს სიტუაციის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ უკრაინელებს უნდა მივცეთ საშუალება, გაანეიტრალონ სამხედრო ობიექტები, საიდანაც მათ ქვეყანას რაკეტებს ესვრიან. ამასთან, არ უნდა დავუშვათ, რომ სამოქალაქო ან სხვა ობიექტებს დაარტყან რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადეს ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა გერმანიაში ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ოლაფ შოლცმა დაამატა, რომ იქამდე, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მიმწოდებელი ქვეყნების პირობებს, მათ შორის შეერთებულ შტატების პოზიციას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას, მას უფლება აქვს, დაიცვას თავი.
„საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკრაინას აქვს ყველა უფლება თავი დაიცვას. მეუცნაურება, როცა ამტკიცებენ, რომ მას ეს შესაძლებლობები უნდა შეეზღუდოს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.