მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ, - ასე მიმართა ბელარუსმა ოპოზიციონერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ შეწყვიტონ.
როგორც ტიხანოვსკაიამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, როგორც საქართველო, ასევე - ბელარუსი ევროპულ მომავალს იმსახურებს.
„რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა - რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი - ბელარუსი და ქართველი ხალხი - ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს“, - აცხადებს ის.
ტიხანოვსკაია განმარტავს, რომ „აგენტების კანონი“ შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში.
„ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია... იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის”, - აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია.