„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ვაშაძის შეფასებით, ,,ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანა დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს დააშოროს.
„ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე და ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მათი მიზანია მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა დატოვონ რუსეთის პირისპირ მარტო. გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და ის თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს ბატონ პიტერ ფიშერს", - განაცხადა ვაშაძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს.
გერმანიის ელჩმა მანამდე განაცხადა, რომ „აგენტების კანონი“ არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.