29 მაისს, ფონდმა: „ფეა თრიიზ“, „აგენტების კანონის“ ძალაში შესვლის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის იდეა გაიწვია.
ამ ფაქტს ონის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებით გამოეხმაურა, ფონდის გადაწყვეტილებას სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ პროექტს თავად დააფინანსებს.
TV -24 ფონდის კოორდინატორს, თეონა დარჩიას ესაუბრა, რომლის თქმითაც, ონის მერიასთან პროექტის შესახებ მოლაპარაკება დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. ვინაიდან, ორგანიზაციას კლინიკის მოწყობის ფინანსური რესურსი არ გააჩნდა, ონის მუნიციპალიტეტის მერია ფონდს დათანხმდა, რომ კლინიკის მოწყობაზე ზრუნვის პასუხისმგელობას თავად აიღებდა, ფონდის პასუხისმგებლობა კი კლინიკის გრძელვადიანი დაფინანსება იქნებოდა.
დარჩიას თქმით, 2024 წლის 28 მაისს, ონის მერია ორგანიზაციას დაუკავშირდა და აცნობა, რომ ფორმალური საკითხები უკვე მოგვარებული იყო და შესაძლებელი იყო, პროექტის განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, თუმცა, ორგანიზაციამ პროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
თეონა დარჩია ამბობს, რომ პროექტის გაწვევის გადაწყვეტილება ფონდის ხელმძღვანელობამ, მისი უშუალო ჩართულობით, „აგენტების კანონის“ გამო მიიღო, რადგან მოცემულ რეალობაში, რისკების შეფასების თვალსაზრისით, ფონდისთვის შეუძლებელია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება.
„ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რესურსები მიგვემართა უკვე არსებული პროექტებისკენ, რათა შევინარჩუნოთ ეს პროექტები მანამ, სანამ შევძლებთ ორგანიზაციის არსებობის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე, თავს ვიკავებთ ახალი ინვესტიციებისგან“, - განაცხადა დარჩიამ.
ჩვენთან საუბრისას, თეონა დარჩია გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე ფონდის „ფეა თრიიზ“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და სწორედ მან შეაჩერა ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება.
ფონდის კოორდინატორის თქმით, უკვე, წლებია, რაც ჯაფარიძეს ფონდთან არანაირი შეხება აღარ აქვს და შესაბამისად, პროექტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებდა.