ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინის საგარეო უწყება: სამწუხაროა, კობახიძის პოლიტიკური განცხადებების მუდმივი დეგრადაციის ხილვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან.

როგორც სამინისტრო აცხადებს, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ათასობით უკრაინელის სიკვდილსა და ქალაქების დაბომბვაში, ხოლო კობახიძის განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ არც ერთხელ გაჟღერებულა.

„სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა.

რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ.

უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებისთვის მისწრაფებების მხარდაჭერას”, - წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობას სხვა ვერ აიღებს. მისივე თქმით, ყველაზე მეტი გაფრთხილება ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.

„მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდგომ განვითარდა უკრაინაში. 2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, 10 000-ობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს“,-  თქვა კობახიძემ.