გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან. ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ ,,გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბუჩუკურმა საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
,,ხელისუფლებამ ,,რუსული კანონის" მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო ,,რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის“ დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი. ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერის და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება, პრაქტიკულად, არის შეუძლებელი. მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია.
მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას: მოახდინეთ რეაგირება თითოეულ ფაქტზე და აღკვეთეთ დანაშაული. თქვენი დუმილი და უმოქმედობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულში თანამონაწილეობაა. შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ მტკიცებულებებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ," - განაცხადა ბუჩუკურმა.